საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯს ”აისს” ესტუმრება და ახალი პროგრამით დაფინანსებულ პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ ბაქრაძე კოლეჯში არსებულ საწნახელს, ღვინის სახლს, მარანს, სხვადასხვა სახელოსნოებს დაათვალიერებს და სწავლების პროცესს გაეცნობა.
მრავალპროფილიან კოლეჯში სტუდენტები ფერმერის, მეღვინე-მევენახის, მეფუტკრის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინალური მომსახურების და სხვა სახის ტექნიკურ პროფესიებს ეუფლებიან.
პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი სისტემა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლიდან მოქმედებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მლნ ლარია გამოყოფილი.
პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 2 500, მათ შორის 1 700 სოციალურად დაუცველი სტუდენტია დაფინანსებული.

















