საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 21 ივნისს, კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელთა ინიციატივას განიხილავს.
სხდომაზე განიხილება არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი.
კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს, კანონმდებლობაში ე.წ. must carry-სა და must offer-ის პრინციპის ასახვის მიზნით, 30 000 ხელმოწერის შეგროვების მოთხოვნით პარასკევს, 15 ივნისს მიმართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ კამპანიის მონაწილეებმა აცნობეს, პროცედურის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ბიურომ საკითხის განხილვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უნდა დაავალოს. შესაბამისად, კომიტეტი გადაწყვეტს, მისცემს თუ არა ნებართვას საინიციატივო ჯგუფს 30 000 ხელმოწერით საკანონმდებლო ინიციატივის შეტანასთან დაკავშირებით.
თუ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დააკმაყოფილებს საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, კამპანიის - "ეს შენ გეხება" მონაწილეები 30 000 ხელმოწერის შეგროვებას საქართველოს მასშტაბით უახლოესი დღეებიდან დაიწყებენ.

















