იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა დაიწყო.
სკოლის კურსდამთავრებულებმა ატესტატის მისაღებად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინონ. განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს დოკუმენტი უფასოდ გაიცემა. მოქმედებს დაჩქარებული მომსახურების სერვისიც და ატესტატის მიღება შესაძლებელია განცხადის წარდგენის დღიდან მე-5, მე-3, მე-2 და იმავე სამუშაო დღეს, თუმცა, ეს მომსახურება ფასიანია.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს განეკუთვნება სრული ზოგადი განათლების ატესტატი, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი.
სრული ზოგადი განათლების ატესტატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს და გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებს. საბაზო ზოგადი განათლების ატესტატს იღებს პირი, რომელიც 9 კლასს დაამთავრებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს, მაგრამ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ვერ ჩააბარებს ან მათში მონაწილეობას არ მიიღებს.

















