საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის ფარგლებში,
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა განათლების პროცესს დააფინანსებს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოსა თუ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში იმ პირთა სწავლა დაფინანსდება, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, ლეგიტიმურად აქვთ მინიჭებული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანდიდატები ვალდებული არიან დაფინანსების მოთხოვნამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოთხოვილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, შესაბამის სამსახურში წარადგინონ იმ სააგენტოს მიერ გაცემული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს.

















