საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე გაეროს მდგრადი განვითარების შესახებ კონფერენციის - „რიო+20“-ის ფარგლებში, თემატურ შეხვედრაზე - „მწვანე სამუშაო: შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის" მოხსენებით გამოვიდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ზედგინიძემ ინკლუზიური განვითარების საჭიროებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად კაცობრიობის მიერ 1992 წელს რიოს დეკლარაციით ნაკისრი ვალდებულებებისა აქტიურად შეეწყო ხელი მდგრადი განვითარებისათვის, გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია.
„ჯერ კიდევ შორს ვართ მომავლისგან, რომელიც დაფუძნებული იქნება რესურსების მდგრად გამოყენებასა და უნარჩენო წარმოებაზე. გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი, რომ თითეულ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდას ჰქონდეს სათანადო ცოდნა და უნარები, ასევე, ამ ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვის მოტივაცია“ - განაცხადა ზედგინიძემ და აღნიშნა, რომ სწორედ გარემოსდაცვითი განათლების განსაკუთრებული როლის გამო, საქართველო 2012 წლის სექტემბერში სამთავრობოთაშორის კონფერნციას - "გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: თბილისი+35“ უმასპინძლებს.
თემატური შეხვედრა მწვანე ეკონომიკის პირობებში ახალგაზრდების განათლების, მომზადების და დასაქმების შესაძლებლობებს ეხებოდა.

















