პარტია „თავისუფალი საქართველო“ თბილისში მოუწესრიგებელი გზების პრობლემას აპროტესტებს.
პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქცია დღეს თბილისის მერიასთან, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან ერთად გამართა.
შალამბერიძის განცხადებით, ნაძალადევში, თმოგვის ქუჩაზე უგზოობის გამო გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. მოსახლეობამ თბილისის მერიასა და რაიონის გამგეობას გზების მოწესრიგების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა. თუმცა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
„მივმართავთ პირადად გიგი უგულავას, ნაძალადევის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გზის საკითხი დაუყოვნებლივ გადაჭრას“- განაცახადა შალამბერიძემ და დასძინა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ადამიანს სასწრაფო დახმარება რომ დასჭირდეს, უგზოობის გამო მას ვერ მიიღებს.
თმოგვის ქუჩის მაცხოვრებლები დღეს მერიას წერილს გაუგზავნიან, სადაც გზის რეაბილიტაციას მოითხოვენ.

















