შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დევნილთა და განსახლების
სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობით, მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის - „მიგრაციული პროცესები ფოტო კადრში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, ფოტოკონკურსი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად დაბრუნებულ მიგრანტთა და მათი რეინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.
მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მიგრანტთა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაარსდა და 2000 წლიდან ყოველ 18 დეკემბერს აღინიშნება. 1990 წლის 18 დეკემბერს გენერალურმა ასამბლეამ შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია მიიღო.

















