საქართველოს საპატრიარქო ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II -ეს ოფიციალურ ბრძანებას აქვეყნებს. აღნიშნული ბრძანება facebook-ის „პატრიარქის ფონდის მხარდამჭერების“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ვინაიდან მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ძეგლის, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის უხეში დარღვევით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ა.წ. 18 ივნისიდან დროებით შეჩერდეს ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები;
2. დაევალოს ადგილობრივ მღვდელმთავარს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი), საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს მუდმივად მოაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე;
3. ეთხოვოს ხელისუფლებას, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან თანამშრომლობით მოახდინოს ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩაშენებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, რათა შემდეგ ორმხრივად შეთანხმებული პროექტის მიხედვით გაგრძელდეს სარესტავრაციო სამუშაოები.
4. დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნების, ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს, განახორციელოს მონიტორინგი აღნიშნულ სამუშაოებზე.
5. ბრძანების შესრულებაზე ზოგადი კონტროლი განახორციელოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი)“ - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.
ბრძანება მიმდინარე წლის 16 ივნისსა გამოცემული. ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები დღეიდან დროებით შეჩერდა.

















