სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ხონის საავადმყოფოში მშობიარეს, 27 წლის ელისო ახვლედიანის გარდაცვალების ფაქტზე დასკვნას, სავარაუდოდ, 1 თვეში გამოაქვეყნებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ სააგენტოს ხელმძღვანელმა გია თვალავაძემ განუცხადა.
თვალავაძის განმარტებით, მისმა სამსახურმა საქმის შესწავლა მომხდარიდან რამდენიმე საათში, პირადად ჯანდაცვის მინისტრის დავალებით დაიწყო.
მისივე თქმით, იმავდროულად, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება დაწყებული და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნულია. თვალავაძე ვარაუდობს, რომ სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია დასკვნის გაკეთებას ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ შეძლებს.
„ეს ისეთი შემთხვევაა, როცა დასკვნის გაკეთების საშუალება, შესაძლოა, მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოგვეცეს. ვვარაუდობ, რომ ამას ერთი თვე დაჭირდება“ - აღნიშნა თვალავაძემ.
სააგენტოს ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ საქმის შესწავლის შედეგად რომელიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მისი თქმით, როდესაც გეგმიური მშობიარობა მსგავსი ფატალური შედეგით მთავრდება, მდგომარეობა საკმაოდ ყურადსაღებია.
რაც შეეხება მომხდარში სადაზღვევო კომპანიის ბრალეულობას, თვალავაძის თქმით, ამ საკითხის შესწავლა სამინისტროსთან არსებული მედიაციის სამსახურის კომპეტენციაა, რომელიც პაციენტების, საავადმყოფოებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობებს არეგულირებს, თუმცა, გარკვეულ ინფორმაციას სააგენტო ამ მიმართულებითაც მოიძიებს.
„ამ ეტაპზე, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მომხდარში ბრალი სადაზღვევო კომპანიას მიუძღვის“ - განაცხადა თვალავაძემ.
27 წლის მშობიარე ხონის საავამყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა. ექიმებმა მხოლოდ ახალშობილის გადარჩენა შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს "აი სი ჯგუფის" დაზღვევა ჰქონდა და იგი სამტრედიაში ცხოვრობდა, თუმცა, იმის გამო, რომ სამტრედიის საავადმყოფოში "აი სი ჯგუფის" დაზღვევა არ მოქმედებს, იგი ქუთაისში წაიყვანეს. მიუხედავად ამისა, გაურკვეველი მიზეზების გამო, პაციენტს საკეისრო კვეთა ხონის საავადმყოფოში ჩაუტარდა, სადაც იგი გარდაიცვალა. მოგვიანებით „აი სი ჯგუფმა“ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი დაზღვევა სამტრედიაში არ მოქმედებდა.

















