საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კამპანია „ეს შენ გეხება“-ს ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტის მიღება უმნიშვნელოვანესია კონკურენტული და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისთვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კამპანიის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება, ავალდებულებს საკაბელო მაუწყებლებს განახორციელონ საზოგადოებრივი, საერთო და სათემო მაუწყებლის ტრანზიტი.
„ხელისუფლება არ ეთანხმება აღნიშნულ ინიციატივას და არგუმენტად სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლად განხორციელებისა და თავისუფალი კონკურენციის პრინციპის შეზღუდვა მოჰყავს. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტს მიაჩნია, რომ აუცილებელია „ეს შენ გეხებას“ ინიციატივის სასწრაფოდ დაკანონება“- ნათქვამია განცხადებაში და განმარტებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონმა უნდა უზრუნველყოს, აღნიშნულ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, მონოპოლიისგან თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

















