საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კოალიცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის აქციაზე არავითარი დარღვევა არ დაუფიქსირებია.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ განუცხადა.
ტრაპაიძის თქმით, აქციამ მშვიდობიანად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.
„არავითარ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია. ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო“ - განაცხადა ტრაპაიძემ.
მისივე განმარტებით, ოზურგეთის აქციას საია-ს ხუთი მონიტორი აკვირდებოდა.
საია-ს გარდა, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის აქციას მონიტორინგს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ უწევდა.
კოალიციამ მრავალათასიანი აქცია გუშინ 19:00 საათზე ოზურგეთში გამართა და ამით რეგიონში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციიდან გურიის რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატებიც დაასახელა.

















