კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოზურგეთში გამართულ აქციაზე მოსახლეობას განათლების სრულყოფილად მიღებაში ხელშეწყობას დაპირდა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი „ქართული ოცნებისთვის“ განათლება იქნება.
ივანიშვილის განმარტებით, დღევანდელი ხელისუფლება წარმატებული განათლების რეფორმით თავს იწონებს, თუმცა, ამას რა შედეგიც მოჰყვა, ყველამ კარგად იცის.
„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სკოლა ყველა სოფელში აღდგება, ყველა მოსწავლეს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება ექნება.
მისივე თქმით, ოჯახებს აღარ ექნებათ სახელმძღვანელოების შეძენის პრობლემა, მასწავლებლობა კი - შრომის შესატყვისი ხელფასით და სოციალური დაცვის გარანტიებით, პრესტიჟული პროფესია გახდება.
„ცივილიზებულ ქვეყნებში დიდი ხანია განავითარეს ასეთი სისტემა - განათლება მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, შეისწავლოს ის დარგი, ის მეცნიერება, რომელიც აინტერესებს. ყველას უნდა შეეძლოს ახალი პროფესიის შეძენა, ან თავისი პროფესიული განათლების სრულყოფა“- აღნიშნა ივანიშვილმა.

















