ამერიკული ცენტრი „ლანგეითის“ და „ამერიკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებით, დღეს პროექტის - „თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად“ ფარგლებში, ქართული ხალხური ზღაპრების ორენოვანი წიგნის, ასევე მისი DVD და AUDIO ვერსიების პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც პრეზენტაციაზე „ლანგეითის“ დირექტორმა მარი ჩანგიანმა „ნიუპრესს“ განუცხადა, პროექტი - „თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად“ ფარგლებში, კონკურსის მონაწილეებმა ქართული ზღაპრები გადათარგმნეს, საიდანაც 9 საუკეთესო გამომცემლობა „ლეთას“ მიერ დაბეჭდილ წიგნში შევიდა.
მისი განცხადებით, პროექტში მონაწილეობდა „გამოყენებითი ხელოვნების სკოლა“, რომლის აღსაზრდელებმა ქართული ხალხური ზღაპრების თემაზე ილუსტრაციები შექმნეს, ასევე, ინგლისურ ენაზე სპექტაკლები დადგეს და ისინი DVD ვერსიებად ჩაწერეს.
წიგნები DVD და AUDIO ვერსიებით საჩუქრად ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს გაეგზავნება.
„ამ პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ემიგრანტი ბავშვებისთვის ამ წიგნებიც გადაცემაა, რათა მათ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება შეძლონ“ - განაცხადა ჩანგიანმა.
პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა, ქართული ხალხური ზღაპრების ორენოვანი წიგნის, ასევე DVD ვერსიების გაყიდვაც მოეწყო.

















