კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ დღეს ოზურგეთში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ აქციას დააკვირდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციიდან აცნობეს, იგი მონიტორინგს გაუწევს როგორც აქციის მონაწილეთა გადაადგილებას, ისე თავად აქციის მიმდინარეობას. აღნუსხავს და შეისწავლის ყველა იმ პრობლემას, რაც აქციის მიმდინარეობისას გამოვლინდება.
კოალიციიდან აქციაზე დასაკვირვებლად იმყოფებიან ექსპერტი არჩევნების საკითხებში ირაკლი მელაშვილი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი და საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი, ასევე, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ია მამალაძე.
კოალიცია იმედოვნებს, რომ აქცია ოზურგეთში მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში ჩატარდება. აქცია 19:00 საათზე დაიწყება.

















