ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტური
თვითმმართველობის არჩევნები დროებით შეჩერებულია. თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით „უბნების მუშაობის დროებითი შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია. ეს გადაწყვეტილება მათ შეიძლება მიიღონ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს რეალური საფრთხე, რომ კენჭისყრის პროცესს შეეშალოს ხელი, ან მოხდეს საარჩევნო მასალის დაზიანება. აქედან გამომდინარე, როდესაც პირველი კორპუსში ადგილი ჰქონდა უბნებზე სტუდენტების მასობრივ შესვლას ხმის გამაძლიერებლებით, საუბნო საარჩევნო კომისიებმა სრულიად გონივრულად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრის პროცესი დროებით შეეჩერებინათ იმ დრომდე, ვიდრე ვითარება განიმუხტება, რის შემდეგაც ისინი გააგრძელებენ მუშაობას. თუ საარჩევნო კომისია სხვა უბნებშიც დააინახავს ასეთ რისკს, იმოქმედებს ანალოგიურად“.
არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“, „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია-საქართველო“, „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი“.

















