თბილისის არქიტექტურის სამსახურში, კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორთა სასწავლო
პროგრამა დაიწყო.
სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად დაესწრო.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა მიზნად თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას ისახავს. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით წარიმართება. სამთვიანი პროგრამა ტრენინგების კურსებსა და სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში პროფესიულ პრაქტიკას მოიცავს.
ტრენინგებს უშუალოდ განყოფილებების უფროსები ჩაატარებენ, რომელებმაც, ამ მიმართულებით, სპეციალური კურსი გაიარეს. პროგრამით სპეციალური ლექციები საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრ პროფესორებს დაეთმობა.
არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან კომუნიკაციის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს ეწვევიან.
ასევე, პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
პროექტთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკული სტაჟირებები სხვა სამსახურებშიც დაიგეგმება.
„ ახალგაზრდები, რომლებსაც გარკვეული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა გააჩნიათ, ამ პროგრამის ფარგლებში, არქიტექტურის სამსახურში გაივლიან სტაჟირებას, ადგილზე გაეცნობიან სამსახურის სპეციფიკას. ისინი მომავალში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის მერიის საქმიანობაში. ასეთი პრაქტიკა, ეტაპობრივად, სხვა სამსახურებშიც დაინერგება. გვსურს, რომ მერიის საქმიანობაში სულ უფრო მეტი გამოცდილი ახალგაზრდა ჩაერთოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის სტაჟიორთა კონკურსი 2016 წლის 15 სექტემბერს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიამ 140 კანდიდატის განაცხადი განიხილა, გასაუბრების შედეგად 27 შეარჩიეს.

















