საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, 9 000-ზე მეტი ხე - მცენარე დაირგო. ამის
საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროს, ნინო სულხანიშვილთან ერთად ჩაერთო.
თბილისის მერიის ცნობით, ხე-მცენარეები ჯამში, 20-მდე მისამართზე დაირგო. დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფი ქედზე ნუშის ბაღების გაშენება დაიწყო. ტერასებიან ფერდობზე, სულ 8550 ძირი ნუშისა და საპნის ხე დაირგვება. 600 ძირი კვიპაროსი დაირგო ფარნავაზ მეფის გამზირის გზის გამყოფ ზოლში. დიდ დიღომშივე, გზის პირებსა და კორპუსების ეზოებში მთის ნეკერჩხლის, აკაციის, არღავანისა და კვიპაროსის ხეები დაირგო.
კონტრაქტორი კომპანიები ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ.
დავით ნარმანიას განცხადებით, დიდ დიღომში გამწვანების ნაკლებობაა და ამიტომაც კარგი შედეგისთვის ხე-მცენარეებს აქტიურად რგავენ.
„ღონისძიებაში დღეს სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულები, რათა ერთად ვიზრუნოთ ქალაქის გამწვანებაზე. რაც შეეხება დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის ქედს - ამ ტერიტორიაზე, ათეულობით წლების წინ, გამწვანებისთვის გაკეთდა ტერასები. ჩვენი გადაწყვეტილებით, აქ გაშენდება ნუშის ბაღები. დიდ დიღომში, ზოგადად, გამწვანების ნაკლებობაა. ამიტომ, სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურად ვრგავთ ხე - მცენარეებს, რაც რამდენიმე წელში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
გამწვანების ღონისძიებაში, ასევე, მმერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები ონაწილეობდნენ.
უწყების ცნობით, საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.

















