სამშენებლო კომპანია „დირსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო
„ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„14 ნოემბერს ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც მათი წარმომადგენლისა და დირსის თანამშრომლების საუბარს ასახავს (https://goo.gl/QMcTSj). ე.წ. „სტატია“აშკარად გამიზნულ ხასიათს ატარებს. ეგრეთ წოდებული, რადგან მასში უგულებელყოფილია ჟურნალისტური ეთიკისა და ობიექტურობის ყოველგვარი პრინციპი.
მოგეხსენებათ, ინტერპრეტაციას ძალიან ფართო გასაქანი აქვს და ამ შემთხვევაში, ავტორმა მაქსიმალურად მოარგო საკუთარ მიზანს, ბატონმა დავითმა კი (პიროვნება, რომელიც ჩვენს წარმომადგენლებს ესაუბრა), ბევრი ფაქტი დაამახინჯა.
ვიდრე წერილს გავაგრძელებთ, აღვნიშნავთ, რომ სააგენტოსთან საუბრის შემდეგ, სტატია ჩასწორდა, რადგან მასში მნიშვნელოვანი ფაქტობრივი უზუსტობები იყო. თუმცა ეს არა შეცდომის ან პროფესიონალიზმის, არამედ მათი მხრიდან „მეგობრულ ურთიერთობებზე ორიენტაციის“ გამო გაკეთდა.
არაერთი ანალიტიკური სტატია დაწერილა, სადაც დადებით და უარყოფით მხარეებზე არის საუბარი. მათი დაბალანსებულობიდან გამომდინარე, პრეტენზია არ გაგვჩენია, რადგან არ არსებობს კომპანია სუსტი მხარეების გარეშე და არგუმენტირების შესაძლებლობასაც იძლევა.
აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენლები მხოლოდ ტელეფონით და ისიც ერთი ზარით შემოიფარგლნენ. მაშინ, როდესაც თუ მიზანს მართლა ობიექტური შეფასება წარმოადგენს, ელემენტარულია, რომ აუცილებლად საკუთარი თვალით ნახო ისეთი სპეციფიკური პროდუქტი და მომსახურება, როგორიც უძრავი ქონებაა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს დადებით მხარეებზე საუბრის ნაცვლად, თქვენი ყურადღება სხვა რამეზე გვინდა მივაპყროთ.
მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა ბევრად უფრო საგანგაშო პრეცედენტია, ვიდრე ერთი კომპანიის მიმართ არაეთიკური საქციელი. პრობლემა ორი მიმართულებით გამოვყავით და ამ სტატიაში, პირველ ძალიან მნიშვნელოვან, თუმცა ჩვენთვის არათემატური საკითხის შესახებ გვინდა ვისაუბროთ. ყველანი საზოგადოების წევრები ვართ და საყოველთაო პრობლემებზე საუბარი ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
მედიის მნიშვნელობა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში განუზომელია, ამაზე აღარავინ მსჯელობს. მაგრამ მისი წარმომადგენლები უნდა იცავდნენ ფუნდამენტურ პრინციპებს და იზიარებდნენ საერთო ფასეულობებს, რომლებიც მათი საქმიანობის მამოძრავებელი იქნება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტურობა და დაბალანსებულობაა, რომლის გარეშეც მედია იქცევა მხარედ. შედეგად, მისი სანდოობა და დანიშნულება ეჭვქვეშ დგება.
მედია მუშაობს საზოგადოებისთვის, მისი ყველა წევრისთვის. შესაბამისად, ტენდენციური და მიზანმიმართული ინფორმაცია საზოგადოების განვითარებას აფერხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების ინსტრუმენტები შეზღუდულია და მის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წყაროს რეიტინგი წარმოადგენს.
რეიტინგის მაღალი ხარისხი, პასუხისმგებლობის ამაღლებას უნდა იწვევდეს. თუმცა როდესაც მას ბოროტად იყენებენ, ქმედება კიდევ უფრო არაეთიკურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მსგავსი „ანალიტიკური“ სტატია, რომელიც სპეციალური R (სარეკლამო) ნიშნის გარეშე ქვეყნდება, სააგენტოს შეხედულებებს ასახავს და ობიექტურობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. რატომ უნდა ვენდოთ, აღნიშნული წყაროს მიერ, სხვა ან იმავე კომპანიის შესახებ, გავრცელებულ, თუნდაც, დადებით ინფორმაციას?
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტიკის ქვაკუთხედს ობიექტურობა და დაბალანსებულობა წარმოადგენს. როდესაც ეს საფუძველი არამყარია, მედია საკუთარ ფუნქციას ვეღარ ასრულებს და სარგებლის ნაცვლად ზიანის მომტანი ხდება“ - ნათქვამია განცხადებაში.

















