საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მრავალშვილიან დედათა ორგანიზაცია „გენი
ქართულის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე პატრიარქმა ბავშვთა აღზრდის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ადამიანი ვინმეს დახმარებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.
„დედაჩემი ხშირად გვეუბნებოდა შვილებს: გახსოვდეთ, სიღარიბემ შეჩვევა იცის და მას არასოდეს არ უნდა მიეჩვიოთო. ასეთივე შეჩვევა იცის უსაქმურობამ. თუ ადამიანი უმუშევრობას ეჩვევა, შემდეგ მას ძალიან უჭირს შრომითი საქმიანობა. ამიტომ ბავშვებში, უპირველეს ყოვლისა, შრომისმოყვარეობა უნდა აღვზარდოთ. ჩვენს შვილებს შრომა უნდა ვასწავლოთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმაზე დამოკიდებული, თუ ვინ როდის დაგვეხმარება. შეიძლება, ბიზნესმენი დაგეხმაროს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და შემდეგ ეს დახმარება შეწყდეს...“-ბრძანა უწმინდესმა.

















