საქართველოში დაიხურება ყველა ის საავადმყოფო, სადაც ექთანს დაბალი, 75-150 ლარიანი ხელფასი ექნება. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია „მედეა-2012“ გახსნისას განაცხადა.
„კატეგორიულად ვაფრთხილებ სადაზღვევოებს, ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკის ხელმძღვანელებს, ყველა საავადმყოფო, სადაც ექთნის ხელფასი იქნება 75-150 ლარი, დაიხურება“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დაუშვებელია, რომ ახალ ჯანდაცვის სისტემაში კვლავ მივიღოთ სამედიცინო პერსონალი, რომელიც პაციენტს ხელებში მისჩერებია.
„დაუშვეველია სამედიცინო დაწესებულებაში ერთდროულად იყოს 10 ათას ლარიანი ქირურგები და 100-ლარიანი ექთნები. კეთილი ინებონ და ქირურგებმა მოიკლონ და მისცენ ექთნებს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ასამაღლებელია სამედიცინო განათლების დონე.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა მედპერსონალის მიერ ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მარტო ქართული და რუსული ენების ცოდნით ექიმს თანამედროვე სისტემაში ძალიან გაუჭირდება მუშაობა.

















