ნატოს კვირეულის ფარგლებში ხვალ 11:00 საათზე, პარლამენტში სტუდენტური დებატების გახსნის ცერემონია გაიმართება. დებატებში მონაწილეობას სხვადასხვა უნვერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.
საუკეთესო მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცემათ. დებატები „YATA“-სა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კოორდინაციით ტარდება.
ხვალვე, 12:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გამოფენა - „საქართველოს მონაწილეობა ISAF-ში“ გაიმართება. გამოფენას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრო ბარნოვი და ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში კესტუტის იანკაუსკასი გახსნიან. გამოფენას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, სტუდენტები და ჟურნალისტები დაეწრებიან.
ნატოს კვირეულის ფარგლებში, 14:30 საათზე, ესტონეთის ელჩი საქართველოში ტომას ლუკი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის მთავარი თემა „ჩიკაგოს სამიტის შედეგები“ იქნება.
ხვალვე, ნატოს კვირეულის ფარგლებში სასტუმრო „ვერე პალასში“ ნატოს საზაფხულო სკოლის გახსნა იგეგმება. სკოლას 14:30 საათზე ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი ეწვევიან.
როგორც „ნიუსპრესს“ ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, 15:00 საათზე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი და ლიტვის ელჩი საქართველოში ელიტა გაველე ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს შეხვდებიან. 17:20 საათზე კი, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრა გაიმართება. ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი „ნატო-საქართველოს ურთირთობებზე“ ისაუბრებს.
ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კვირეულის ღონისძიებები მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. ნატოს კვირეულს, 16 ივნისს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ, სადაც სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართება.

















