ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ პროექტის „აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“ დასკვნითი ეტაპი - ფოტოგამოფენა და პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებაზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის და პროექტის „აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“ განხორციელების ამსახველი ფოტოები გამოიფინება.
ღონისძიებას თსუ-ს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, „აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგის გაღრმავებას, ინფორმირებას და ინტერესის გაღვივებას საზოგადოების იმ ნაწილში, რომელთაც მუზეუმში მისვლის საშუალება არ აქვთ.
ღონისძიების ორგანიზატორები პროექტში მონაწილე თსუ სტუდენტები არიან.
პროექტი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში უკვე განხორციელდა. მასში არაქართულენოვანი სკოლების 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

















