გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები იმედს გამოთქვამენ, რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამუკა ჯიბლაძე ოჯახს ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნდება.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, მამუკა ჯიბლაძეს ის 11 ივნისს, 14:00 საათისთვის უნდა შეხვედროდა, რის შემდეგაც ჯიბლაძე ლექციაზე უნდა წასულიყო.
„იგი სახლიდან გამოვიდა და ამის მერე გაქრა, როდესაც ტელეფონზე ვურეკავდით, აღმოჩნდა, რომ მობილური სახლში ჰქონდა დატოვებული. მომხდართან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ გვაქვს. საქმეში უკვე ჩართულია პოლიცია და ერთადერთი რაც გვინდა ისაა, რომ ის ოჯახს ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნდეს“ - განაცხადა მიმინოშვილმა.
მისი თქმით, მამუკა ჯიბლაძე პროფესიონალი მათემატიკოსია და გამოცდების ცენტრში კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.
მამუკა ჯიბლაძე დაახლოებით 50 წლისაა. მას სახლში მხოლოდ დედა ჰყავს, რომელსაც ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შესაბამისად, შვილი მას დიდი ხნით მარტო ვერ ტოვებდა. აქედან გამომდინარე, თანამშრომლები გამორიცხავენ იმას, რომ ჯიბლაძე სადმე დიდი ხნით წასულიყო.
მისი გაუჩინარების ფაქტი ნათესავებმა პოლიციას უკვე შეატყობინეს და ძებნა მიმდინარეობს.
მამუკა ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ 60 თანამშრომელთან ერთად დატოვა, რომლებიც სამსახურიდან პროტესტის ნიშნად, ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო წამოვიდნენ.

















