ნატოს კვირეულის ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ესეების კონკურსის - „ჩემი სიტყვა ნატოს“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
გამარჯვებულებს სერტიფიკატებს და ფასიან საჩუქრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი გადასცემენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, კონკურსში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
დღესვე,15:00 საათზე, ნატოს სამეკავშირეო ოფისში ნახატების გამოფენა - „ჩემი ნატო“ მოეწყობა. გამოფენაში მონაწილეობას თბილისისა და რეგიონების სკოლების მოსწავლეები მიიღებენ. გამარჯვებულებს კი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი დააჯილდოვებენ.
ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კვირეულის ღონისძიებები მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, ექსკურსიები, სხვადასხვა კონკურსები და დებატები.
ნატოს კვირეულს, 16 ივნისს, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ, სადაც სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართება.

















