აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და ერთგვარი გაგრძელება იყო იმ თემატურ ჯგუფებთან გაცნობის, რომელსაც ზურაბ პატარაძე მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ ახორციელებს.
ზურაბ პატარაძე ექიმებს ახალი ინიციატივების და პროქტების შესახებ ესაუბრა, რომელთა განხორციელებაზე მუშაობა უკვე მიდის და სულ მალე რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ასეთ პრექტებში ზურაბ პატარაძემ დაასახელა მახინჯაურში მოზიდული ახალი ინვესტიცია, რომელიც სანატორიუმის მშენებლობას ითვალისწინებს და ხელს შეუწყობს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.
რეგიონის პირველმა პირმა ისაუბრა ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაწყებულ პროექტზე, კერძოდ სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკური ცენტრების შექმნაზე, რომელთა საშუალებით გლეხსა და მომხმარებელს შორის შუამავლის როლს სახელმწიფო აიღებს, რითაც ხელს შეუწყობს სოფლის პროდუქტების ევროპული სტანდარტებით გასაღებას. ზურაბ პატარაძემ ექიმებს ჯანდაცვის მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტის და პროგრამების შესახებაც ესაუბრა. სამშობიარო სახლის ექიმებმა მთავრობის თავმჯდომარეს თავიანთი პრობლემებიც გააცნეს და ერთად ისაუბრეს ამ პრობლემების მოგვარების გზებზე. შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა. მთავრობის თავმჯდომარე მსგავსი თემატური შეხვედრების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.

















