„მე-9 არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური იმედოვნებს, რომ სატელიტური კომპანია „თურქსატი“, რომლის მეშვეობით ტელეკომპანიის მაუწყებლობა ვრცელდება, „მე-9 არხთან“ კონტრაქტს არ გაწყვეტს.
ამის შესახებ მან „ნიუსპრესს“ განუცხადა.
ბექაურის თქმით, კომპანია „გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების გარდა აბონენტებს „მე-9 არხის“ სიგნალის მიღება „თურქსატის“ სატელიტური თეფშებით შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ხელდასმით შექმნილი სატელისტური კომპანია „ბლექსისატი“ ცდილობს, „თურქსატს“ მე-9 არხის მომსახურებაზე უარი ათქმევინოს.
„ბლექსისატს“ სურს, ყველა ქართული არხის ტრანსლირება მისი მეშვეობით მოხდეს“ - განაცხადა ბექაურმა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, თავად ხელისუფლება გადაწყვეტს, პაკეტიდან რომელი ტელეკომპანია ამოიღოს.
“მე-9 არხის“ გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ „თურქსატი“ ტელეკომპანიას პირდაპირ მომსახურებას არ შეუწყვეტს.
„თურქსატი“ საერთაშორისო კომპანიაა, კარგი რეპუტაციით სარგებლობს და იმედი მაქვს, მისი თანამშრომლობა „მე-9 არხთან“ გაგრძელდება და ის საქართველოში მონოპოლისტის შექმნას ხელს არ შეუწყობს“-განაცხადა მან.
მიუხედავად ამისა, ბექაური დარწმუნებულია, რომ „გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების დემონტაჟი, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს, ასე მარტივად არ განხორციელება, ვინაიდან ეს გრძელვადიანი პროცესია და ბევრ ხელისშემშლელ ფაქტორთანაა დაკავშირებული.
„გლობალ ტვ“-ს ანტენების დემონტაჟი ადვილად განხორციელებადი არ არის, ამას დიდი ადამიანური რესურსი და ფინანსური ხარჯი სჭირდება, ვინიდან კომპანიას 11 ათასი ანტენა აქვს დამონტაჟებული. გარდა ორგანიზაციული და იურიდიული საკითხების, გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმია საჭირო“ - აღნიშნა ბექაურმა.
მიუხედავად ამისა, თუ სატელიტური ანტენების დემონტაჟი მაინც მოხდა, ბექაური მიიჩნევს, რომ ეს „მე-9 არხისთვის“ მნიშვნელოვანი დარტყმა და დანაკლისი იქნება.

















