ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისია გაუმართლებლად მიიჩნევს საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მხოლოდ პირველ საარჩევნო, ანუ მთაწმინდის ოლქში დარეგისტრირებას.
აღნიშნული საკითხი დღეს კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა კაციტაძემ და კომისიის წევრებმა დახურულ კარს მიღმა, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განიხილეს.
“საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია პირველ საარჩევნო ოლქში ამომრჩევლად დაარეგისტრიროს საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები ამომრჩველის სიაში უნდა შევიდნენ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ეს უფრო არგუმენტირებულია იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ამ პირებმა ამომრჩევლის სტატუსით ხმა მაჟორიტარობის კანდიდატსაც უნდა მისცენ“ - განაცხადა კაციტაძემ შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, მას არანაირი მონაცემები არ აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეობის მქონე ქართველების შესახებ, რომლებიც უწყვეტად 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობენ. კომისია ამ ინფორმაციას სამოქალაქო რეესტრიდან ელოდება.
გარდა ამისა, კომისია ითხოვს კანონში შესაბამისად აისახოს ის ახალი სტატუსები, რომლებსაც კომისია ამომრჩევლის სიის კარდაკარის პრინციპით შემოწმების დროს იყენებს. კერძოდ, საუბარია უცხოეთში წასულ მოქალაქეებსა და ე.წ. მიწერებზე.
„ეს აღნიშვნები ამომრჩევლის სიაში კანონის საფუძველზე უნდა გაკეთდეს, რაზეც თანხმობა მივიღეთ“ – განაცხადა კაციტაძემ.
ამასთანავე, კაციტაძე ითხოვს დაზუსტებულ ერთიან საარჩევნო სიასთან სამაგიდო სიების შესაბამისობაზე კომისიის მიერ მონიტორინგის განხორციელების უფლებას. სამაგიდო სიები უშუალოდ არჩევნების დღეს გამოიყენება.
გარდა ამისა, კომისია ითხოვს უფლებამოსილების ვადის 2012 წლის 31 დეკემბრამდე განსაზღვრას.
დახურული განხილვის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივები მაქსიმალურად აისახება ცვლილებების პროექტში, რომელიც პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.
კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად, 2014 წლის პირველ იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაიბადა და ბოლო ხუთი წელი საქართველოში ცხოვრობს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა.

















