საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
„ვიცი, რომ ბევრი მათგანი განაწყენებულია, მაგრამ თუ პიროვნებას სურს მიწოდოს მასონების მაგისტრის რეინკარნაცია, ასეთებთან საუბარი რა თქმა უნდა, რთულია“ - განაცხადა შაშკინმა.
მან გამოცდების ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურიდან წასვლის მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამოცი თანამშრომლიდან დაახლოებით 50%-მა სამსახური არასწორი ინფორმაციის გამო დატოვა.
შაშკინის განმარტებით, მათ ეგონათ, თითქოს, მინისტრმა ეროვნული გამოცდების შედეგების გამსწორებელთა ანონიმურობის გაუქმება მოითხოვა.
როგორც შაშკინმა აღნიშნა, ეს აბსოლუტური სიცრუეა და სინამდვილეში სხვა საკითხის გადახედვას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც ნაშრომს დამატებით ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებდა.
მისივე განცხადებით, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებული იქნება და მან პირობა დადო, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, აუცილებლად დადგება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.
“მიუხედავად ამის, არ გქონდეთ იმის იმედი, რომ ჩემი პასუხიმგებლობის საკითხი დადგება, რადგან გამოცდები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება. ამის გარანტიას სახელმწიფო და განათლებისა და მეცინერების სამინისტრო გაძლევთ“ - აღნიშნა შაშკინმა.

















