საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი 8+1 მოდელი განიხილა.
მისი თქმით, ახალი მოდელი აბიტურიენტებისთვის ნაკლებად სტრესული იქნება, რადგან გამოცდები სკოლებში მათთვის ნაცნობ გარემოში ჩატარდება.
ამასთანავე, საგამოცდო ტესტები მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში იქნება შედგენილი. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, მშობლებს შვილების რეპეტიტორებთან მომზადება და სოლიდური თანხების ხარჯვა აღარ მოუწევთ.
მინისტრის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექპსერტთა ჯგუფი ახალ მოდელზე მუშაობას აგვისტოში დაასრულებს. აგვისტოდან დეკემბრამდე კი, სკოლებში აპრობაციები ჩატარდება და ახალი სისტემა ყველა მიმართულებით შემოწმდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, 2005 წლიდან მას შემდეგ, რაც ეროვნული გამოცდები დაინერგა, სკოლებში ბევრი რამ შეიცვალა - დამონტაჟდა ახალი სერვერები, გაიხსნა მომავლის კაბინეტები და კომპიუტერებით აღიჭურვა სკოლები.
მისივე თქმით, წელს სკოლებში 1 500-მდე სერვერი დამონტაჟდა, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი გამოცდა, სკოლაში არსებული ბაზების საშუალებით ჩატარდეს.
შაშკინის განმარტებით, ეს მოდელი, დანერგილია აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში.
მისივე თქმით, საატესტატო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა აბიტურიენტებს რამდენჯერმე ექნებათ და შედეგს გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყობენ.

















