არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის გადადგომას მიესალმება.
,,42-ე მუხლი” გასულ კვირას მოუწოდებდა საყვარელიძეს რეაგირება მოეხდინა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებას უკავშირდებოდა.
,,42-ე მუხლი” დადებითად აფასებს დავით საყვარელიძის მიერ თანამდებობის დატოვებას, ვინაიდან პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც დავით საყვარელიძე
,,ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატად მოიზარებოდა. ,,42-ე მუხლმა” დავით საყვარელიძეს მოუწოდა ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გაეკეთებინა, ვინაიდან მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა პროკურორის ფუნქციებთან შეუთავსებელია. ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
დავით საყვარელიძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე ინფორმაცია პროკურატურამ დღეს გაავრცელა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საყვარელიძე „ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისის რაიონში იქნება.

















