სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების
შემდეგ სამშობლოს მნიშვნელობაზე იქადაგა.
პატრიარქის თქმით, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს იმაზე, რას აკეთებს სამშობლოსათვის, ოჯახისათვის და საკუთარი თავისათვის.
უწმინდესმა აღნიშნა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ იმის შესახებ თუ რას აკეთებს სამშობლო ჩვენთვის. მან აშშ-ს პრეზიდენტი კენედის სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა -„ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რას მოგცემთ თქვენ სამშობლო, იფიქრეთ იმაზე თქვენ რას მოუტანთ, რას გაუკეთებთ მას“- აღნიშნა პატრიარქმა და ბრძანა რომ ეს სიტყვები ყველას უნდა ახსოვდეს.
ილია მეორის თქმით ადამიანი ძალიან ხშირად ეჩვევა უსაქმობას და სიღარიბეს. მისივე თქმით, სიღარიბის მიჩვევა დაუშვებელია, თუნდაც იმიტომ რომ ადამიანს სჭირდება საზრდო და ამასთანავე იგი უნდა დაეხმაროს სხვასაც.
„დღეს არის ყველათა წმინდათა დღესასწაული და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი წინაპრების და ჩვენი წმინდანების მადლი შეგვეწიოს ჩვენ, რათა არ დავეცეთ სასაუფევლისკენ მსვლელობის გზაზე“-განაცხადა უწმინდესმა.
მან სამების ტაძარში დაბრძანებულ საქრთველოს დიდების ხატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ხატი მისი მშობლების ხატია და ყოველ საღამოს მისი ოჯახი ამ ხატის წინაშე ლოცულობდა.
პატრიარქის თქმით, როცა დაასრულებდნენ საღამოს ლოცვას, მამამისი რჩებოდა და რამდენი წმინდანიც იყო გამოსახული ხატზე იმდენჯერ მოიყრიდა მუხლს მის წინაშე.
„შევთხოვთ უფალს რომ უფალმა აკურთხოს ერი თვისი. გაძლიერდით, გამაგრდით, იმედს ნუ დაკარგავთ. სარწმუნოება უნდა განმტკიცდეს თქვენში და ღმერთი აუცილებლად დაგეხმარებათ“- განაცხადა უწმინდესმა.
მან დღეს თხუთმეტამდე გვარი დალოცა და მრევლს მშვიდობა და ბედნიერი დღესასწაულების დადგომა უსურვა.

















