ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა. ორმოცამდე მედიასაშუალების წარმომადგენელმა
ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილს, რომელიც ტელეკომპანია ,,მაესტროდან“ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს, მხარდაჭერა გამოუცხადა.
,,ამ აქციით მხარს ვუჭერთ ნანა თვალაბეიშვილს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალის, ოპოზიციის თუ პოზოციის მიერ შეიზღუდება ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ყოველთვის გავაპროტესტებთ მსგავს ქმედებებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში, ჟურნალისტის გათავისუფლება უკავშირდება ნანა თვალაბეიშვილის მიერ ,,ქართული ოცნების“ მიმართ, ბოლო დროს, ,,ალიაში“ გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილებს. გვინდა, რომ ნებისმიერი ძალის მიერ, ეს იყოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ბოლო შემთხვევა“ – ამბობს ერთ – ერთი ორგანიზატორი ხათუნა მაისურაძე.
ნანა თვალაბეიშვილის თქმით, მისი გათავისუფლების შესახებ ყველა დეტალი ორშაბათს, ,,ქრონიკაში“ გამოქვეყნებულ წერილში იქნება ახსნილი.
,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს მიმართ სოლიდარულია. კონკრეტული დეტალების თქმისგან თავს შევიკავებ, სანამ წერილი არ გამოქვეყნდება გაზეთში. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დიდი სურვილი მაქვს ვიყო უკანასკნელი ჟურნალისტი კოლეგებს შორის, რომელიც სიტყვის თავისუფლების გამო სამსახურს დაკარგავს“ – აღნიშნა ნანა თვალაბეიშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას.

















