სრულიად საქრთველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ
მრევლს ყოველთა წმინდანთა დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა რომ დღეს ყოველი ჩვენგანის ანგელოზის დღეა და ეს არის დიდი მადლი და წყალობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე გადმოდის.
პატრიარქის თქმით, ჩვენმა დიდმა წინაპარმა, წმინდა მამამ ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა სიტყვები - მამული ენა, სარწმუნოება. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ეკლესიამ ეს სიტყვები განავრცო და ის წარმოითქმის როგორც -ღმერთი, სამშობლო და ადამიანი.
„ღმერთი სამშობლო და ადამიანი ეს არის უდიდესი სიწმინდე, ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისათვის და მნიშვნელოვანია თუ როგორ ვუყურებთ ამ ფასეულობებს“- ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ადამიანმა დაკარგა კრძალვა და შიში ღვთისა, პატივისცემა მოყვასისა და შეიცვალა იგი.
პატრიარქის თქმით ადამიანის ცვლილების პროცესი უძველესი საუკუნეებიდან იღებს სათავეს.
„ძველი რომაელები ამბობდნენ - დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, მაგრამ ჩვენ უნდა განვსაჯოთ, როგორ ვიცვლებით, სად მივდივართ, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და მომავალში ვინ ვიქნებით. არ უნდა დავკარგოთ ჩვენი მთავარი ფასეულობები-ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“- ბრძანა პარტიარქმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის სიცოცხლე უძვირფასესია, იგი ერთხელ მოდის დედამიწაზე და ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ მას.
პატრიარქის თქმით უნდა გავუფრთხილდეთ ყველა ადამიანს მიუხედავად იმისა იგი კარგია თუ ცუდი, რადგან ადამიანი არის ხატება ღვთისა.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ თუ რა უნდა ვაკეთოთ, თითქმის ყოველდღე რადიო და ტელევიზია გადმოსცემს, რომ ადამიანმა მოკლა ადამიანი, ან ვიღაც გარდაიცვალა ძალადობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სარწმუნოება და კრძალვა ღვთის წინაშე-ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ უფლის მცნება - „არა კაც ჰკლა“ არ სრულდება.

















