თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები დღეს, რიყის პარკში საქველმოქმედო ღონისძიებას მოაწყობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ მაია აფხაიძემ განუცხადა, საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად იმართება.
მისი თქმით, ღონისძიება რიყის პარკში, ჭადრაკის დაფასთან 18:00 საათზე საჭადრაკო ზღაპრით დაიწყება.
„გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენები. იქნება ბავშვებისა და მასწავლებლების გადაღებული ფოტოების, ნახატების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, სახეზე მოხატვა, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას“ - განაცხადა მაია აფხაიძემ.
მისივე თქმით, გამოფენა-გაყიდვიდან და შემოწირულობებიდან შესული თანხა ონკოჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის ანგარიშზე გადაირიცხება.

















