„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გუდაუთაში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარზე ქართული კვალის წაშლის მცდელობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მისიას საგანგებო წერილით მიმართეს.
როგორც ედპ-ს ახალგაზრდული ფრთისა და ორგანიზაცია - „ენგურს გაღმა ჩვენი სამშობლოა“ წევრებმა განაცხადეს, მათ საერთაშორისო ორგანზიაციებს ბედიისა და ილორის ტაძრების გადაღებვისა და იქიდან ქართული კულტურის კვალის წაშლის გამოც შეატყობინეს.
„ევროკავშირის მისიას საქართველოში ჯერ კიდევ ილორისა და ბედიის ტაძრების გადაღებვის და იქიდან ქართული კვალის წაშლის მცდელობის დროს მივმართეთ. ეს რუსეთის მხრიდან სწორედაც რომ მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც აფხაზეთის, როგორც საქართველოს ისტორიული მიწის პოლიტიკურად და კულტურულად ჩამოშორებას და ქართული კვალის სრულიად გაქრობას ისახავს მიზნად“ - განაცხადა ედპ-ს სამეგრელოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დემეტრე ქარდავამ.
მისივე თქმით, დღეს უკვე გუდაუთაში, ლიხნის მე-10 საუკუნის ღვთისმშობლის ტაძარს მიადგნენ და მის გადაღებვას იწყებენ.
„ამიტომ მივმართავთ საერთაშრისო საზოგადოებას, მივმართავთ ევროკავშირის მისიას საქართველოში, არ დაუშვან ქართველი ერის ისტორიული კუთვნილების, ჩვენი ქრისტიანული სიწმინდეების ხელყოფა“ - აღნიშნა ქარდავამ.
ახალგაზრდა „ეროვნულ-დემოკრატებმა“ ქართული სიწმინდეების დაცვის თხოვნით ასევე, აფხაზ თანატოლებს მიმართეს.

















