კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტების“ ეთერში, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ საკითხს განმარტავს.
როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნინო ჯანგირაშვილი პირდაპირ ეთერში შპს „სტერეო+“–სთან დაკავშირებით კომისიის ოპერატიულობაზე საუბრობდა, როდესაც განაცხადა, რომ როცა ტელეკომპანია „კავკასიას“ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების დროს პრობლემები შეექმნა, „კავკასიას“ თვეები და უამრავი წერილის გაგზავნა დასჭირდა, რათა კომისიას რეაგირება მოეხდინა.
„გვინდა განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიიდან“ კომისიის არსებობის ისტორიაში მსგავსი შინაარსის წერილი მხოლოდ ერთხელ 2008 წლის ნოემბერში არის შემოსული, რაზედაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რეაგირება მოახდინა. კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა საკითხი შეისწავლა და აღმოაჩინა რომ, ტელეკომპანია „კავკასიის“ სიხშირეს ერთ–ერთი საელჩოს დაზიანებული რადიოაპარატურის ფუნქციონირება უქმნიდა პრობლემას“ - ნათქვამია განცხადებაში.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ კომისიამ საელჩოს დარღვევის აღმოფხვრა მოსთხოვა, რის შესახებაც „კავკასიას“ წერილობით ეცნობა.
კომისიიაში აცხადებენ, რომ მათთვის ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის დაუსაბუთებელი ბრალდებები აბსოლუტურად გაუგებარია.

















