პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ თბილისში #1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიასა და ქუთაისში პარლამენტის მშენებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობების ჩამონგრევით გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შემთხვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში მშენებლობები და მასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები უსაფრთხოების პირობების ყოველგვარი დაცვის გარეშე მიმდინარეობს.
განცხადების თანახამად, გუშინდელი მსხვერპლი პირველი არ არის, რომელიც სააკაშვილის თვითნებობას ეწირება.
„სწორედ ამ ადგილას, დიდების მემორიალის აფეთქების შედეგად დედა–შვილი დაიღუპა. ზუსტად ხელისუფლების გაუაზრებელი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისა და უსაფრთხოების ზომების დაუცველობის შედეგია აღნიშნული ტრაგედიაც“ - ნათქვამია განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევითა და ბრძოლით კრიმინალური რეჟიმი მალე შეიცვლება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, გუშინ პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, ობიექტზე მომუშავე ერთი მუშა რეზო ნებიერიძე გარდაიცვალა.

















