ქართული მხარე დე ფაქტო აფხაზეთში ქართული კულტური ძეგლების, მათ შორის, გუდაუთაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის პირვანდელი სახის შელახვაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.
ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში განუცხადა.
რურუას შეფასებით, აფხაზეთში ქართული კულტური ძეგლების ე.წ რესტავრაცია იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს და რომლის მიზანი ქართული კულტურული კვალის წაშლის მიზნით ძეგლების პირვალდელი სახის დასახიჩრებაა.
„ეს არის ეთნიკური წმენდის ნაირსახეობა“- განაცხადა რურუამ.
კულტურის მინისტრის თქმით, გუდაუთაში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის რესტავრაცია, რომელსაც სეპარატისტული ხელისუფლება ახორციელებს, უკანონოა, ვინაიდან ადგილზე ჩასვლის უფლებას არც ქართველ და არც „იუნესკოს“ სპეციალისტებს არ აძლევენ.
რურუას თქმით, არსებობს ყველა იმ ქართული ტაძრის პირვანდელი სახის ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის რესტავრაცია აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა.
მისივე განმარტებით, დე-ოკუპაციის შემდეგ, ამ ტაძრების აღდგენა პირვანდელი სახით იქნება შესაძლებელი.
„ეს ჩვეულებრივი ბარბაროსობაა. იგივეა, რაც თალიბანმა ავღანეთში გააკეთა, როდესაც ბუდას ორი ქანდაკება დაანგრია“ - განაცხადა რურუამ.
მისივე თქმით, ილორის წმინდა გიორგი ტაძრის თობაზე, „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსს ნოტა უკვე გადაეცა და ფაქტს რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად მოჰყვება.

















