კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ტრანსლაციის შეზღუდვის და
სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიგნალის გათიშვის ფაქტებს, მოქალაქეებისთვის საინფორმაციო წყაროს შეზღუდვად აფასებენ.
ამის შესახებ კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართვენ.
როგორც წერილშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებებს, ზოგ შემთხვევაში გარკვეული სამართლებრივი საფუძველი შეიძლება მოეძებნოს, თუმცა, მიღებული შედეგი მრავალი არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციისა და მოქალაქის შეშფოთების საგანი გახდა.
წერილის თანახმად, ყოველივე ეს მაშინ ხდება, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით მოსახლეობისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და პლურალისტური მედიის ხელშეწყობის საკითხი დადგა.
„ამას ადასტურებს საქართველოში ვიზიტისას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდება - მედიის დამოუკიდებლობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე, საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასისა თუ სხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობის აუცილებლობის შესახებ“ - ნათქვამია ღია წერილში.
როგორც კამპანიის მონაწილეები აცხადებენ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტში 7 მაისს კამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვნად სწორედ ე.წ. Must carry-ს და must offer-ის პრინციპების დანერგვაა.
მათივე თქმით, ამ წინადადებების გაზიარება მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტელეარხებზე და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირებისა და მედია პლურალიზმის პრობლემების შესახებ კითხვებს მოხსნის.
წერილის თანახმად, აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გარეშე დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ საზოგადოების და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, არ დაუშვან რაიმე ფორმით შეიზღუდოს რომელიმე მედია საშუალების გავრცელება. ასევე, ისინი პარლამენტს უახლოეს პერიოდში მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში “must carry”-ს და “must offer”-ის პრინციპების დანერგვისა და ქვეყანაში პლურალისტური მედიის აუცილებლობის შესაბებ საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

















