ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდა ერთი მოქალაქის გარდაცვალებისა, მუშები დაშავდნენ.
სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, გუშინ პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა ობიექტზე მომუშავე ერთი მუშა რეზო ნებიერიძე.
„სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა და არ გარდაცვლილა არც ერთი ადამიანი, გარდა ზემოთხსენებული ერთი პიროვნებისა. ასევე, მომხდარის შედეგად, არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის“ - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ნგრევის გამო არსებული დაშავებულების შესახებ, სიცრუე და მომხდარი ფაქტით მიზანმიმართული სპეკულაციაა.
ამასთან, სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

















