ქუთაისის მშენებარე პარლამენტის ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ 3 სასწრაფო დახმარების მანქანა გამოვიდა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის
რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნატო ქათამაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხარეო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული და მათი რიცხვი თანდათან იზრდება.
ქათამაძის თქმით, პოლიციის თანამშრომლები ქუთაისის პარლამენტის შენობის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
„პარლამენტის შენობის ფასადს ვხედავთ. აქედან დანგრეული ფლიგელი არ ჩანს, თუმცა, საინტერესო ის არის, რომ პირველ სართულზე ის მინები, რაც აქედან ჩანს ამოღებულია“ – განაცხადა ქათამაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთი ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, არის მსხვერპლი. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

















