კომპანია შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ დღეს სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიხშირის გათიშვასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
„თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიებს, რომლებიც თბილისში მგზავრთა გადაყვანას ახალი ყვითელი მიკროავტობუსებით უზრუნველყოფენ, სარეკლამო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან აქვთ გაფორმებული. ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება, სადაც განთავსდება სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლები.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თავის მხრივ აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა სატრანსპორტო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სარეკლამო რგოლების მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება, მათი გარჩევადობა და სმენადობა.
კომპანიის განმარტებით, მიკროავტობუსებში მონიტორების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს და აღმოჩნდა, რომ ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას ხელს უშლის სამარშრუტო ტაქსებში გამოყენებული რადიო საშუალებები.
„აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, სარეკლამო კომპანიამ მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს მოსთხოვა სრულყოფილად შეასრულონ დამკვეთი კომპანიების წინაშე აღებული ვალდებულება და მონიტორებზე შეუფერხებლად გაუშვან სარეკლამო რგოლი“-ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის განმარტებით, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი გახდა მიკროავტობუსებში რადიო საშუალებების ხმოვანი სიგნალების გათიშვა.

















