საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შოთა რუსთაველის პრემია ხელოვნების დარგში მოღვაწე 7 პიროვნებას გადასცა.
საქართველოს ეროვნული პრემია კი, ცალკეულ ავტორებსა და ავტორთა ჯგუფებს გადაეცა.
როგორც პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე აღნიშნა, ქუთაისის მთავრობის სახლში, ეროვნული და რუსთაველის სახელობის პრემიების გადაცემის ცერემონია 26 მაისის აღლუმის კვალდაკვალ ტარდება.
მისი თქმით, შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემია ძალიან პრესტიჟული ჯილდოებია.
მიხეილ სააკაშვილმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია ხელოვნების დარგში კინო-ოპერატორ ალექსანდრე რეხვიაშვილს, კინორეჟისორ მიშა კობახიძეს, კონსერვატორიის რექტორს მანანა დოიჯაშვილს, პიანისტ ხატია ბუნიათიშვილს, მუსიკოს ნიკოლოზ რაჭველს, პოეტ ვახტანგ ჯავახაძეს და კომპოზიტორ ელიზბარ ლონდარიძეს გადასცა.
პრემიები ასევე, ექიმებსა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორებს გადაეცათ.
პრეზიდენტმა ტექნიკური მეცნიერების დარგში ავტორთა ჯგუფი - გურამ ქაშაკაშვილი, ოლღა მეტრეველი, ნუგზარ წერეთელი და თემურ ჯაგორნიშვილი სახელმწიფო-ეროვნული პრემიით დააჯილდოვა.
სახელმწიფო პრემიები გადაეცათ ტექნიკურ-მეცნიერებათა დარგში ინჟინერ-ინფორმატიკოს არჩილ ფრანგიშვილს, ლევან იმნაიშვილს, მაგული ბედინეიშვილს სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის „ბიომეტრიული კომპიუტერული სისტემების აგების ტექნოლოგია მრავალფუნქციური პრიონვიპის გამოყენებით“.
პრეზიდენტმა პრემიები ასევე, ავტორთა ჯგუფს სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის „სამანქანო სისტემებში დარტყმით მოვლენების პარამეტრების გაანგარიშების საინჟინრო მეთოდები და დინამიკური პროცესების ოპტიმიზაცია“ რობერტ ადამიას, თამაზ ნატრიაშვილს და სლავა მებონიას გადასცა.
მედიცინის დარგში პრემიები სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „ლეიკემიისა და ლიმფომების დიაგნოსტიკისა და თერაპიის თანამედროვე სტატეგიის შემუშავება და დანერგვა მკურნალობის ოპტიმიზაციის მიზნით“ ავტორთა ჯგუფმა ასმათ შენგელაიას, მერაბ ბერაიას, მამია ზოდელავას, დარეჯან ხირდალიძეს შემადგენლობით მიიღო.
პრემიები ექიმ-ოტოლარინგოლოგმა შოთა ჯაფარიძემ, ზურაბ გამგებელმა, დავით მიმინოშვილმა, ზურაბ ქევანიშვილმა, ლამარა ვაშაკიძემ, კახა კაჭარავამ, ლიანა გზირიშვილმა და მარინა მამალაძემაც მიიღეს.
სახელმწიფო პრემიები ასევე, ნიკოლოზ ყიფშიძეს, ვახტანგ კალოიანს, გიორგი გოცაძეს, და ნინო ბუცხრიკიძეს გადაეცათ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მაღალი კლასის ინტელექტუალური ელიტა ჰყავს და მისთვის, დაჯილდოების ცერემონიის ქუთაისში ჩატარება ძალიან დიდი პატივია.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ერთჯერადი თანხა 15 ათასი ლარია, ეროვნული პრემიის - 10 ათასი ლარი.
რუსთაველის პრემიის ლაურიატებს ასევე ეძლევათ ყოველთვიური თანხა 400 ლარის ოდენობით. რუსთაველის პრემია 1965 წლიდან გაიცემა.

















