თიბისი ბანკის სათავო ოფისში დღეს არტ-გალერეა გაიხსნა.
როგორც "ნიუსპრესს" თიბისი ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, გალერეა ზურაბ ნიჟარაძის
პერსონალური გამოფენით გაიხსნა. ექსპოზიციას მხატვარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სპეციალურად "თიბისი არტ-გალერეისთვის" ამზადებდა.
გალერეა საქართველოს არტ-პროცესის უმნიშვნელოვანესი მოვლენების საზოგადოების წინაშე წარსადგენად და ქართველ მხატვართა მსოფლიო არტ-მოვლენებთან ინტეგრირებისთვის შეიქმნა. მისი ფუნქციონირების მიზანი კი, ექსკლუზიური გამოფენების მოწყობის გზით, თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ წარდგენაა.

















