თბილისის 179-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს, ნარკომანიის წინააღმდეგ აქცია სახელწოდებით - „ნარკომანიას ვუთხრათ არა!“ გამართეს.
აქციის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა სკოლიდან პარლამენტის შენობამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ 179-ე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა რუსუდან გორდელაძემ განუცხადა, სკოლამ პროექტში - „დაამარცხე სენი“ გაიმარჯვა, რომლის ფარგლებშიც დღევანდელი აქცია დაფინანსდა.
„პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „PH international”-ის მიერაა დაფინანსებული, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უჭერს მხარს. მისი მიზანი სკოლებში სამოქალაქო განათლების უკეთ სწავლებაა, რათა დემოკრატიული მშენებლობის პროცესებში მომავალი თაობა უფრო აქტიურად ჩერთოს“ - განაცხადა რუსუდან გორდელაძემ.
ფეხით მსვლელობის დროს მოსწავლეები პუშკინის სკვერში შეჩერდნენ და მცირე მუსიკალური ნომერიც წარმოადგინეს.
ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გამართული აქცია-მსვლელობა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.

















