კორეის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების წევრი - სუ იონ ლიი თბილისს ეწვია. სუ იონ ლიი დღეს, სპორტულ კომპლექს „არენას" საჩოგბურთო დარბაზში საჩვენებელ თამაშს გამართავს.
შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც დაესწრებიან.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპორტსმენის ვიზიტის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების მაგიდის ჩოგბურთში ჩართვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა.
„გადავწყვიტეთ, რომ მაგიდის ჩოგბურთისადმი ინტერესი მსოფლიო მნიშვნელობის სპორტსმენთან ერთად გაგვეღვივებინა“- განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა და აღნიშნა, რომ საჩვენებელი მატჩი ერთიანი სპორტული კამპანიის დასაწყისია, რომელიც სხვადასხვა სექტორის ძალისხმევით განხორციელდება.
„საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანა ჩანს. მინდა აღვნიშნო, რომ სამოყვარულო სპორტის დონეზე მაგიდის ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სპორტის სახეობაა მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, იმედს ვიტოვებ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთის „ვარსკვლავებსაც" აღმოვაჩენთ" - აღნიშნა სუ იონ ლიამ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავი - სუ იონ ლიი თანამედროვე სპორტის ახალ სახედ ითვლება.

















