„ახალი მემარჯვენეები“ ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული მოქალაქეების უფლებების დასაცავად გააქტიურებიაკენ და გადამჭრელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კალანდაძემ განაცხადა, სოფლის კამპანიის პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართულმა შეხვედრებმა პარტიის წევრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია.
მისივე თქმით, რაიონებსა და სოფლებში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა სრულფასოვნად ვერ იღებს ჯეროვან სამედიცინო მომსახურებას და ეფექტურ მკურნალობას.
კალანდაძის განმარტებით, გახშირდა შემთხვევები, როცა იმის მიუხედავად კონკრეტული პირი ფლობს თუ არა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პოლისს, დამატებით თანხებს კუთვნილი სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის მაინც ახდევინებენ.
„მემარჯვენეების“ განცხადებით, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას და სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულებს არც თუ იშვიათად ეუბნებიან, რომ – „თქვენი პოლისი არავის სჭირდება, თანხა გადაიხადეთ“.
„მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად ზურაბ ჭიაბერაშვილს, დროულად შემუშავდეს და ამოქმედდეს სამედიცინო მომსახურების უნიფიცირებული სტანდარტები და ტარიფები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს დაზღვეული მოქალაქეების მკურნალობა. მკვეთრად გაიმიჯნოს ფარმაცევტული საქმიანობა სადაზღვევო ან სამედიცინო საქმიანობისგან და აღმოიფხვრას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მანკიერი პრაქტიკა“- განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაააქტიუროს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს ჯანდაცვის მედიაციის სამსახური.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია როცა ფარმაცევტული კომპანიები ერთდროულად ფლობენ სააფთიაქო ქსელსაც, სადაზღვევო კომპანიებსაც და საავადმყოფოებსაც. ამავდროულად, ექიმებს აიძულებენ პაციენტებს მათთვის სასურველი მედიკამენტი გამოუწერონ.

















