ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს „სოლიდარობა უკანონო პატიმრებსა“ და მოძრაობა „არას“ წევრებმა საქართველოში
ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები წარმოადგინეს.
ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგი #53-ე სკოლასთან გამართეს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბავშვთა უფლებების დარღვევის თვალსაჩინო მაგალითად 53-ე სკოლიდან მოსწავლე მიხეილ ალექსიძის გარიცხვა დაასახელეს.
მათი განმარტებით, ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის დროს სამართლებრივი და დისციპლინარული პროცედურები დაირღვა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ბავშვთა უფლებების დარღვევის მაგალითია 2011 წლის 26 მაისი, სადაც 14 წლის მოზარდი აქციაზე სპეცრაზმელებმა სცემეს.
„სამწუხაროდ, დღეს ხშირია ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები, განსაკუთრებით მძიმეა ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობა, არ არსებობს ქუჩაში მცხოვრები ბავშვების სტატისტიკა, მათ არ გააჩნიათ არანაირი დოკუმენტაცია, ბავშვების უფლებები გამუდმებით ირღვევა და ამაზე პასუხს არავინ აგებს“ -განუცხადა „ნიუსპრესს“ მოძრაობა „არას“ ლიდერმა ლევან ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლების ჯეროვნად დაცვისთვის მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებაა საჭირო და ხელისუფლებამ ყურადრება და ფინანსური რესურსი სწორედ ამ მიმართულებით უნდა მიმართოს.

















