ბავშვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის წინ დღეს „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“, ,,მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისთვის“
და ,,ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
აქციის მიზანი საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერაა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნანა ლეჟავას განცხადებით, დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და დაუცველი უამრავი ბავშვია, რომელთა სიცოცხლე ფსიქოტროპულ წამლებზეა დამოკიდებული. აღნიშნული სახის მედიკამენტებს ისინი სახელმწიფოსგან უფასოდ უნდა იღებდნენ, თუმცა, ასე არ ხდება.
„მოვითხოვთ, მეტი ყურადღება მიაქციონ ინვალიდ ბავშვებს. ისინი მთლიანად ფსიქოტროპულ წამლებზე არიან დამოკიდებული და მათთვის ეს მედიკამენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 90 ლარიანი პენსია ამ წამლების საყიდლად საკმარისი არ არის. დაზღვევა კი, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას არ აფინანსებს“ - განაცხადა ,,მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა ლეჟავამ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მათ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მიმართეს, თუმცა, პასუხი არ მიუღიათ.
აქციის მონაწილეები ჯერ რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ და შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლეს.

















