ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
მინისტრი ნიკოლოზ რურუა - „ვიკითხოთ წიგნები“ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს შეხვდება.
მინისტრი ბავშვებს ლიტერატურულ ნაწარმოებებს თავად წაუკითხავს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება. დასასრულს კი, რურუა მოსწავლეებს სიგელებსა და საჩუქრებს გადასცემს.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკიდან აცნობეს, პროექტის მიზანი, მოსწავლეებში წიგნის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრებაა, რაც შემდგომში მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებას და კითხვის ჩვევის გამომუშავებას შეუწყობს ხელს.
მთავარ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ ამ მიზნით, ქალაქის სხვადასხვა უბანში განლაგებულ მერიის ბიბლიოთეკებში კითხვის მოყვარულთა წრეები ჩამოყალიბდა. მოსწავლეები ბიბლიოთეკების მიმდებარე სკოლებიდან შეირჩა. ბიბლიოთეკებმა კი, მათთვის კითხვის დღეები დააწესეს.
პროექტში ექვსი ბიბლიოთეკა და ცამეტი საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

















